English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ პაატა კოღუაშვილიგივი თალაკვაძე იოსებ არჩვაძე
საქართველოს მთიანეთი- ქვეყნის სტრატეგიული განვითარების არსებითი კომპონენტი

ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა,
წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ,
ყვავილნი - მიწას და მიწა -
თავის აღზრდილთა მცინარეთ
და მე ხომ ყველას მონა ვარ,
პირზედ ოფლ-გადამდინარედ!
ეხლა ცა წყნარობს… სოფელსაც
გულწყნარად დაეძინება.
ვაჟა

ჟურნალი N 3.2023

ეკონომიკის მდგრადი და დინამიკური განვითარებისათვის ქვეყანამ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი (ინტელექტუალური, ფიზიკური, ფინანსური, ბუნებრივი) რაც შეიძლება რაციონალურად და კომპლექსურად უნდა გამოიყენოს. ამ მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აგრარულ სექტორს, რომელიც თავისი ბუნებიდან და კვლავწარმოების პირობებიდან გამომდინარე, არამარტო ორგანულადაა დაკავშირებული ეროვნული მეურნეობის პრაქტიკულად ყველა დარგსა და საქმიანობის სფეროსთან, არამედ ეკონომიკის დარგებს შორის ერთ-ერთი მაღალი მულტიპლიკაციური ეფექტი გააჩნია. შესაბამისად, ნებისმიერი წამოწყება, დეკლარირება ეროვნული მეურნეობის დაჩქარებული განვითარების შესახებ დარჩება მხოლოდ კეთილი ნების გამოხატულებად, თუ ის არ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების ამოცანას, სოფლის, როგორც ქართველი ერის სასიცოცხლო სივრცის ფორმირების, შენახვისა და აღწარმოების პირობას, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ამასთან, რადგანაც საქართველოს სოფლების დიდი ნაწილი მთიანეთზე მოდის, ამ სივრცეზე ქართველთა დამკვიდრებას და ცხოვრებას არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ეკონომიკურად უტილიტარული მნიშვნელობა - ის მრავალმხრივი, მათ შორის დემოგრაფიული, კულტურული და თავდაცვითი მნიშვნელობის ფუნქციის მატარებელია. შესაბამისად, აუცილებლად გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის, ამ მოსახლეობის ისტორიული თანაცხოვრებით ჩამოყალიბებული ორგანიზაციულ-საყოფაცხოვრებო ერთეულის - თემის, სოფლის ძირეული ინტერესები, მთაში ცხოვრების მოტივაცია და პირობები.
საკვანძო სიტყვები: მთა, სოფელი, თემი, სათემო მიწათმფლობელობა, სათემო დემოკრატია, სათემო კოოპერაცია, „რეკონკისტა“.

შესავალი


ისტორიულად საქართველო მსოფლიოს პროვინცია არ იყო. ის იყო თვითმდგომი, სხვა ყველასაგან გამოყოფილი და განსხვავებული სახელმწიფო, რომელიც თვითონ ზრუნავდა თავის დაცვასა და მოვლაზე და, შესაბამისად, თვითონ საზღვრავდა თავის ე.წ. ღირებულებათა სისტემასა და სკალას, თავისი ზნეობის, თავისი სოციალური ურთიერთობებისა და პირადი ურთიერთობების წესებს. საქართველო იყო „მცირე, მაგრამ ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ცივილიზაცია“ (აკად. ნიკო მარი) სხვა დიდ და მცირე ცივილიზაციათა შორის.
ქართველი ერის მენტალიტეტი, ისტორიულად, დემოკრატიულია. ისტორიულად საქართველო სრულყოფილად ფეოდალური ქვეყანაა, რომელიც თავისი დამოუკიდებელი არსებობის ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე (რუსეთის მიერ ანექსიამდე, 1801 წ.) ქანაობდა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე თავის მეზობელ მუსლიმურ იმპერიებთან ბრძოლაში (ფეოდალიზმი, როგორც ცნობილია, შუა საუკუნეთა დემოკრატიაა. საქართველოს დიდი მეზობლები – თურქეთი, ირანი და რუსეთი, მანამდე – ბიზანტიაც კი, პირიქით, დესპოტიები იყო). საქართველოს ერთმა მეოთხედმა – მთამ – ისტორიის ათასწლეულები ე.წ. სათემო-სამხედრო დემოკრატიის (უბატონო ტერიტორიული თემობის, სათემო მიწათმფლობელობის) პირობებში გაიარა. საქართველო თავისი ღრმა ქრისტიანული კულტურის, თავისი ფეოდალური ისტორიის წყალობით ტიპოლოგიურად დასავლური ქვეყანაა, თავისი მთელი ისტორიის მანძილზე სწორედ დასავლეთთან კავშირისკენ მოსწრაფე.
სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ ქართული სამართლის უგულებელყოფა და მიწათმფლობელობის ქართული წესის მოსპობა განაპირობა.
საბჭოთა იმპერიამ ერსაც და ქართულ თემსაც ნიადაგი გამოაცალა, როდესაც, კერძო საკუთრებასთან ერთად, საერთოდაც, მოსპო სათემო საკუთრებაც, ხოლო ქართული მიწა საბჭოეთის საერთო-სახალხო საკუთრებად გამოაცხადა.
საქართველომ სახელმწიფოებრიობა XX საუკუნის მიწურულს კვლავ დაიბრუნა, რითაც შეიქმნა მთავარი პირობა, რომ თანამედროვე, რაციონალურად მოწყობილი ქართული სახელმწიფო, „ფრიად ქვეყანასაც“ და სათემო იდენტობასაც უკვე დემოკრატიული წეს-წყობილებით დაიცავდა, ხოლო მიწათმფლობელობის ქართული წესი ახალ ვითარებაში შეისხამდა ხორცს.
სამწუხაროდ, ეს ფუნდამენტური პრობლემა საქართველომ დღემდე ვერ მოაგვარა. მართალია, 1990-ანი წლების დასაწყისში აგრარული რეფორმის გასატარებლად პირველი ნაბიჯები გადაიდგა, როცა სასოფლო მიწა მის ნამდვილ პატრონებს - ქართველ გლეხებს - საკუთრებაში დაუბრუნდათ, მაგრამ ამ რეფორმას განვითარება არ მოჰყოლია: მიწის ფონდის უდიდეს ნაწილს, რომელიც საბჭოთა ოკუპაციისას აბსტრაქტულ საერთო-სახალხო საკუთრებას წარმოადგენდა, ჯეროვანი პატრონი დღემდე არ ჰყავს, გამოუყენებელი და უსარგებლოა, უარესიც – აღურიცხავი, დაურეგისტრირებელი და მაშასადამე, იურიდიულადაც უპატრონოა.
ქართულ თემს (სოფელს) უმთავრესი უფლებები დღემდე არ დაბრუნებია – იგი მესაკუთრე სამართალ–სუბიექტს აღარ წარმოადგენს. ხოლო სათემო ქონებას მოკლებული სოფელი უკვე ქართული სოფელი კი არა, არამედ ბედისწერას მინებებული დასახლებაა, სადაც საბჭოთა დროიდან დღემდე საზოგადო მიწა-წართმეული მოსახლეობა სახლობს და არა მკვიდრი თემი. სანამ თემი არ გახდება სათემო ქონების მესაკუთრე სამართალ-სუბიექტი, ძნელად სავარაუდოა, რომ მიწაზე საზოგადო საკუთრებამ კონკრეტული იურიდიული და ეკონომიკური შინაარსი დაიბრუნოს.


უფუნქციოდ დარჩენილი მთა - სოფლის მეურნეობის ჩამორჩენის განმსაზღვრელი ფაქტორი


დღესდღეობით სოფლის მეურნეობა რჩება საქართველოს ეროვნული მეურნეობის ყველაზე სუსტ რგოლად. ამ სექტორში შრომის მწარმოებლურობა ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებთან შედარებით ჯერადად დაბალია.
აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს აგრარული სექტორი გაცილებით ნაკლებ ფინანსურ ინექციებს ღებულობს სახელმწიფოსა და ინვესტორებისგან, დაბალია ამ დარგში შრომის ფონდშეიარაღება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში აგრარულ სექტორს 7.0% უკავია, მაშინ როდესაც ამ დარგზე მოდის სახელმწიფო ასიგნებების მხოლოდ 1.5% და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების 1.1%. უზარმაზარია საქართველოს ჩამორჩენა მოწინავე ქვეყნებისგან სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის აღნიშნული სექტორისთვის გაწეული დახმარების მასშტაბებითაც. კერძოდ, ყოველწლიურად მოსახლეობის ერთ სულზე აშშ-ში სოფლის მეურნეობაზე სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 500 აშშ დოლარია (488$), ევროკავშირში, მხოლოდ ამ გაერთიანების საერთო ბიუჯეტიდან - 125 აშშ დოლარი, საქართველოში კი აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 22 დოლარია.
სოფლის მეურნეობის არსებით ჩამორჩენაზე მიუთითებს ის, რომ აქ ერთი დასაქმებულის მიერ შექმნილი პროდუქცია დაახლოებით 2.5-3.0 პირის გამოკვებისათვის არის საკმარისი (მოწინავე საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში შესაბამისად, სულ ცოტა, 80-100 კაცისთვის), ხოლო მეცხოველეობა ქვეყნის მოთხოვნილებებს, მაგალითად ხორცზე, მხოლოდ 30%-ით აკმაყოფილებს.
აგრარული სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირება საქართველოში შეუძლებელია მისი მთიანეთის პოტენციალის სრულად და კომპლექსურად გამოყენების გარეშე. საქართველო ზოგადად, მთიანი ქვეყანაა - მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი - 53,6% - მთაზე მოდის, 1/3-ზე მეტი (33,4%) – მთისწინეთზე და მხოლოდ 13 % უჭირავს ბარს. ამასთან, მოსახლეობა აბსოლუტურად არათანაბრადაა განაწილებული: ბარში ცხოვრობს მოსახლეობის 9/10-ზე მეტი, ხოლო მთასა და მთისწინეთში - დაახლოებით 7-8 %. ამ დროს, მთის სათიბ-საძოვრების ფართობი თითქმის ორჯერ აღემატება საქართველოს სახნავ, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ ფართობს.
სამწუხაროდ, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მთიანეთის ფუნქცია რადიკალურად შეიცვალა, კერძოდ, ამ პერიოდიდან არსებითად იცვლება სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა - მარცვლეული კულტურების წარმოების არაპრიორიტეტულად მიჩნევითა და სამხრეთული და სუბტროპიკული კულტურების წარმოების გადიდების სასარგებლოდ.
საქართველოს მთიანეთს ისტორიულად სამი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა: თავდაცვითი (სასაზღვრო), 2. აგრარული, 3. კულტურულ-ისტორიულ ფასეულობათა შენარჩუნებისა და გადანახვის.
ამათგან პირველი, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გაუქმდა. მესამე ფუნქცია თავის როლს რუსეთთან საქართველოს სამეფო-სამთავროების შეერთების შემდეგ ერთი ხანობა კიდევ ასრულებდა (განსაკუთრებით - 1819-1820 წლების იმერეთის ე.წ. „საეკლესიო ამბოხის“ დროს, როდესაც საქართველოს მაღალმთიანეთში, სვანეთში გადამალულ იქნა ბარის ეკლესია-მონასტრების ძვირფასეულობები და სიწმინდეები). დარჩა მეორე - აგრარული. თუმცა ისიც სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. საქართველოს ეკონომიკის წინაშე ცენტრმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დააყენა სტრატეგიული ამოცანა: განევითარებინა შედარებით ვიწრო სპეციალიზაცია, ძირითადად თავის თავზე აეღო საბჭოთა კავშირის უზრუნველყოფა სამხრეთული და სუბტროპიკული კულტურებით (ჩაი, ციტრუსები, ხილი, ბოსტნეული, თამბაქო, ღვინო...). დანარჩენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით (მარცვლეული, ხორცი, რძის პროდუქტები, შაქარი და ა.შ.) საქართველოს უზრუნველყოფას ცენტრი ძირითადად თავის თავზე იღებდა.
ამ გადაწყვეტილების რეალიზაციის შედეგად, საქართველოს მთიანეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ორმაგი დარტყმის ქვეშ მოექცა: ეკონომიკურ დარტყმას ახორციელებდა ფასწარმოქმნის სისტემა, რის შედეგად პროდუქციის შემოტანა რამდენადმე უფრო იაფი ჯდებოდა ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით; პროპაგანდისტულ-ადმინისტრაციულ შეტევას ახორციელებდა იდეოლოგიური დამუშავება და ორგანიზაციული ღონისძიებები, მთიანი დასახლებებიდან ბარში გადმოსახლების მძლავრი იდეოლოგიური კამპანია და ორგანიზებული პროცესი. მრეწველობის დარგების უპირატეს განვითარებაზე აქცენტის აღებამ, რის შედეგად მთიელებს ბარისაკენ უხმობდნენ, რადგან ბარში სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას დამატებითი შრომითი რესურსები ესაჭიროებოდა, ამუშავდა საბჭოთა პროპაგანდის ყველა საშუალება, მათ შორის კინოხელოვნებაც (გაჩნდა კინოფილმები: `ისინი ჩამოვიდნენ მთიდან~, `საბუდარელი ჭაბუკი~ და სხვა), ამის გამო საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მკვეთრად მოიმატა დარჩენილი მოსახლეობის საშუალო ასაკმა, ადგილზე ეკონომიკურმა საქმიანობამ მნიშვნელოვნად დაკარგა სამეწარმეო ფუნქცია და ეფექტიანობა. ახალ რეალობაში, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, მთიელი კაცი, ხაზს ვუსვამთ, ფაქტობრივად უფუნქციოდ დარჩა.
მოგვიანებით, როცა ნათლად გამოიკვეთა მთის დაცარიელების უარყოფითი ეკონომიკური და სოციალური შედეგები, საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა გამოესწორებინა შეცდომა, მაგრამ ეს ვეღარ მოახერხა. მთის დაცლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდისათვის მთიანეთი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად დაცარიელებული იყო. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ისევე როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქ. დუშეთის გარეშე), რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩევიან მოსახლეობის დეპოპულაციის მხრივ, მოსახლეობის სიმჭიდროვე 10-ჯერ ჩამორჩება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (შესაბამისად, 6.5 კაცი და 65.1 კაცი ყოველ 1 კვ.კმ-ზე), ყაზბეგის მუნიციპალიტეტში - კიდევ უფრო ნაკლებია - 3.5 კაცი 1 კვ. კმ-ზე. მაგალითად, რაჭაში მოსახლეობა ბოლო ორი საუკუნის მანძილზე 100 ათასი კაციდან თითქმის 8-ჯერ შემცირდა, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში საქართველოს მოსახლეობა 5-ჯერ გაიზარდა.
მდგომარეობა არ გამოსწორებულა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, უფრო - პირიქით. ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა პირიქითა კავკასიონისა (ხევი და თრუსოს ხეობა, პირიქითა ხევსურეთი, თუშეთი) და მის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიებზე (მთიულეთი, გუდამაყარი, ფშავი). აქ მთელი წლის განმავლობაში ასეულობით კვადრატული კილომეტრის ფართობზე მხოლოდ რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს. დემოგრაფიული მდგომარეობის ასეთი მკვეთრი გაუარესების მაპროვოცირებელ ფაქტორებს სოფლად განუვითარებელი სოციალური ინფრასტრუქტურა და დასაქმებასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის დეფიციტი წარმოადგენს.
საქართველოს მთიანეთში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ასაკი საგრძნობლად აღემატება ეკონომიკურად აქტიურ და შესაბამისად (- ქალებში) - ფერტილურ ასაკს. - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის 28.3% 65 წელსაა გადაცილებული, მაშინ როდესაც ქვემო ქართლში აღნიშნული მაჩვენებელი 11.2%-ს არ აღემატება (საშუალოდ საქართველოში - 14.3%). აღნიშნული მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს მთისა და ბარის ისტორიული ფუნქციების აღდგენას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გამოთანაბრებას. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სამეწარმეო სექტორის მიერ მოსახლეობის ერთ სულზე ყოველთვიურად გამოშვებული პროდუქციის მოცულობა საშუალო საბაზო პენსიის (295 ლარი) მხოლოდ 101%-ია, ხოლო მოსახლეობაზე გაცემული პენსიების ჯამური სიდიდე მნიშვნელოვნად - დაახლოებით 2.5-ჯერ - აჭარბებს ამ რეგიონში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ პირთა შრომის ანაზღაურების მთლიან ფონდს. შინამეურნეობების 51%-ისთვის შემოსავლების ძირითადი წყარო პენსია და სახელმწიფო დახმარებაა. ოჯახების 35%-ისთვის ყოველთვიური შემოსავალი 250 ლარს არ აღემატება. ე.წ. „თვითდასაქმება“ კი სიმბოლურია და რეალურ ეკონომიკურ დატვირთვას არ შეიცავს. ამჟამად ყოველ კვადრატულ კილომეტრზე მოსახლეობის სიმჭიდროვე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ჯერადად ჩამორჩება მის უშუალო მოსაზღვრე რუსეთის ფედერაციის შესაბამის რეგიონებისას. ამიტომაცაა, რომ ერთ დროს მთიელებით დასახლებულ ადგილებს, არცთუ იშვიათად, უცხო ტომები იკავებდნენ და სრულად სარგებლობდნენ მთის მრავალმხრივი სიკეთით (განსაკუთრებით სათიბ-საძოვრებით), რაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, ეკონომიკურთან ერთად მზარდი ტერიტორიული ექსპანსიის საფრთხის მატარებელია.
საქართველოს დამოუკიდებლობამ, უწინარეს სარეალიზაციო ამოცანათა შორის, მთისა და ბარის ისტორიული ფუნქციების აღდგენა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გათანაბრების საკითხი დააყენა. ამ მიმართულებით გადაიდგა პირველი ნაბიჯებიც, მაგრამ, მიუხედავად მთავრობების ძალისხმევისა, მთასა და ბარს შორის განვითარებაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების დაძლევა ჯერაც ვერ მოხერხდა.
აღნიშნული მონაცემები ადასტურებს რეალობას: ქართული მთის სოფელი (და, თუ ბოლომდე გულახდილები ვიქნებით, სოფელი ზოგადად) კარგავს თავის ისტორიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ფუნქციას. სოფლის მცხოვრებლების დიდი ნაწილი სარჩო-საბადებლის საშოვნელად ან საქართველოს დიდ ქალაქებშია გადახვეწილი, ან უცხოეთში. მთის ეკონომიკური ფუნქციის აღდგენის პროცესი ჯერ-ჯერობით, ატარებს მხოლოდ ეპიზოდურ, სეგმენტურ ხასიათს, ნაცვლად იმისა, რომ მან მიიღოს საყოველთაო, ერთიანი, სისტემური ხასიათი. დღემდე არ მომხდარა მთაში მცხოვრებთა ჩართვა ქვეყნის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი აგრარული ბალანსის ფორმირებაში. ამის გამო, მთის სოფლებში შინ დარჩენილების აბსოლუტურ უმრავლესობას, პრაქტიკულად დაკარგული აქვს აგროსამეურნეო ფუნქცია, რაც ქვეყნისათვის უდიდესი საფრთხის შემცველია. ჯერ კიდევ მეფე არჩილი წერდა - „ოდეს წახდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდეს".

საქართველოს მთიანეთის ეფექტიანი განვითარების აუცილებელი ღონისძიებები


მდგომარეობის გამოსწორებისათვის, აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, მთისა და მთისწინეთის სამეურნეო და ბუნებრივი პოტენციალის რაციონალური გამოყენება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, მდგრადი ეკონომიკური განვითარება უნდა გახდეს. მთამ „თავის თავზე“ უნდა აიღოს იმ სახეობის კულტურებისა და პროდუქციის წარმოება, რისთვისაც ბუნებრივ-კლიმატური პირობები და შესაძლებლობები გააჩნია. ეს მთისთვის ორმაგი - ეკონომიკური და დემოგრაფიული - ეფექტის მომტანი იქნება. ამისთვის კი საჭიროა კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და რეალიზაცია.
რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა ე.წ. „მთის კანონმა“ გარკვეული პოზიტიური იმპულსი მისცა მთის რეგიონის, სასიცოცხლო ფუნქციონირების უზრუნველყოფას, თუმცა, მან მხოლოდ მცირედით შეანელა წლების მანძილზე მიმდინარე ნეგატიური პროცესები.
ამ მდგომარეობის რეალურად შეცვლისთვის სახელმწიფომ მთაში მოსახლეობის ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის მაქსიმალური სტიმულირება უნდა უზრუნველყოს. ამ მიმართულებით ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად გვესახება ის, რომ წარმოებული პროდუქცია, რომლის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე ხორციელდება, უნდა გაათავისუფლოს დამატებული ღირებულების გადასახადისაგან, აგრეთვე გაატაროს ადგილზე ეკონომიკის ხელშეწყობის, მოსახლეობის დამკვიდრებისა და მისი ზრდის (მათ შორის, უშუალოდ კავკასიონის სამხრეთ ფერდობებსა და ხეობებში უახლოესი 5-10 წლის მანძილზე - არანაკლებ 4-6-ჯერ და შემდგომში კიდევ უფრო მეტი ზრდის პერსპექტივით) ღონისძიებები. კონკრეტულად, მთიანეთის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის (ფინანსურად, ტექნიკურ-ტექნოლოგიურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი სახელმწიფო პროგრამის), საქართველოს მთიანეთისათვის ხელისუფლების დახმარების ძირითადი მიზანი და მიმართულებები უნდა იყოს:
• მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა, უპირატესად ეკონომიკურად აქტიურ და რეპროდუქციულ ასაკში მყოფი მოსახლეობის ზრდის ხარჯზე;
• სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, დამუშავებისა და რეალიზაციის ორგანიზება შესაბამისი ტერიტორიის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფით და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით, ეკონომიკურად პროდუქტიული ზონების, მიწის სავარგულებისა და დაცული ტერიტორიების შენარჩუნება, დაცვა და განვითარება;
• საქართველოს მთიანეთის სტაბილური, მდგრადი და უსაფრთხო განვითარების მნიშვნელოვანი პირობა უნდა გახდეს წყლის რესურსების რაციონალური და ეფექტიანი გამოყენება სხვადასხვა სახის ჰიდროტექნიკური საშუალებების - დამბა, კაშხალი, წყალსაცავი, ოპტიმალური ზომის ჰესი (5-დან 30-35 მეგავატამდე სიმძლავრის) და ა.შ. - მშენებლობით, ქვეყნის სტაბილურად მზარდი ეკონომიკის საჭიროებისა და იაფი ენერგიით მომარაგებისათვის. მზარდია ასეთი ჰიდროტექნიკური საშუალებების სამელიორაციო პოტენციალიც. აღნიშნულის მნიშვნელობას ხაზს უსვამდა ილია ჭავჭავაძეც, რომელიც თვლიდა, რომ გასარწყავებას ალტერნატივა არ გააჩნია აღმოსავლეთ საქართველოში;
• მაღალმთიან დასახლებებში/მაღალმთიანი დასახლებებისათვის პროფესიულ-ტექნიკური განათლების სასწავლო პროცესის ორგანიზება (ტექნიკუმი, კოლეჯი) მთიან ზონაში აგრარული სექტორისა (სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის) და არსებული ბუნებრივი რესურსების მოპოვების, პირველადი დამუშავების, დამზადების, მიწოდებისა და ტრანსპორტირებისთვის ადგილობრივი შესაბამისი პროფილის კვალიფიციური კადრებით უზრუნველსაყოფად;
• სოციალური, სატრანსპორტო - საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის რეაბილი-
ტაცია-განვითარება, ურბანულ გარემოსთან დაკავშირების მაქსიმალური გაიოლება-გამარტივება და ადგილობრივი მოსახლეობის მობილობისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო შესაძლებლობების არსებითი გაუმჯობესება;
• საქართველოში მოქმედ მობილური კავშირის ოპერატორებს მთიანი ზონის სრული დაფარვის უზრუნველსაყოფად, უნდა შეექმნათ ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობები (გადასახადებისაგან გათავისუფლება და სხვ.), ხოლო საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ - მთის მკვიდრთათვის მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში გარკვეული დიაპაზონის (რადიუსის) ფარგლებში დააწესოს შეღავათიანი ტარიფი;
• მთიანეთის ყველა სოფლის, დასახლებულ პუნქტის წლის ოთხივე სეზონის განმავლობაში ფუნქციონირებადი გზებით უზრუნველყოფა. „არც ერთ ქვეყანას ისე არ ეჭირვება კარგი გზები, როგორც საქართველოსა"(ილია), (კოღუაშვილი, 2013,63). ილია ჭავჭავაძისეული, ეს თითქმის საუკუნენახევრის წინანდელი ნათქვამი, დღესაც აქტუალური და გასათვალისწინებელია;
• ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარება, უპირველეს ყოვლისა, მეცხოველეობის პროდუქციის (განსაკუთრებით, ეკოლოგიურად სუფთა) წარმოების განვითარებისა და რეალიზაციის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად;
• მთაში წარმოებული ბიოპროდუქციის დამამზადებელი (შემსყიდველი) წერტების შექმნა;
• ადგილობრივი გადამამუშავებელი მრეწველობის, წარმოებისა და ხალხური რეწვის პროდუქციის ეფექტიანი მარკეტინგისა და რეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
• იმ სატრანსპორტო საშუალებების (შესაბამისი ორგანიზაციების) სუბსიდირება, რომლებიც ემსახურებიან ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის გასაღების ბაზრებამდე ტრანსპორტირებაში;
• მთაში დამკვიდრებისა და სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობისათვის იმპულსის მისაცემად, თითოეული ადგილობრივი, მკვიდრი და დაბრუნებული კომლისთვის სახელმწიფოს მხრიდან უსასყიდლოდ არა ნაკლებ 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და/ან 30 ცხვრის გამოყოფა;
• სუბსიდირების სისტემა ადგილობრივ რელიეფზე ადაპტირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლაზე (ძროხაზე არანაკლებ 100 ლარის, ხოლო ხარზე - არანაკლებ 150-200 ლარის ფარგლებში), აგრეთვე კომერციული ბანკიდან აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთზე;
• საზღვრის დამცველთა კონტინგენტის უზრუნველყოფა ადგილობრივი წარმოების სურსათით. ამ მხრივ ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკა, რაც სასაზღვრო ჯარის გარანტირებულ გამოკვებას და ამ ზონაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების გეგმაზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს;
• მიზანშეწონილი უნდა იყოს მთაში მცხოვრები მამაკაცების განთავისუფლება სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან (სამსახური - მხოლოდ ნებაყოფლობით საფუძველზე) და მათი ნახევრად გასამხედროებული საზღვრის დამცველთა მხარდამჭერ რაზმებში გაწევრიანება, შესაბამისი გასამრჯელოს გათვალისწინებით, ანუ მთაში მცხოვრებთათვის, ეკონომიკურთან ერთად, ინსტიტუციურ დონეზე თავდაცვითი ფუნქციის მინიჭება და ამის საფუძველზე მათი სოციალური სტატუსისა და მნიშვნელობის არსებითი ამაღლება;
• მთაში მცხოვრებ ახალგაზრდა ოჯახებს გაეხსნათ 15-წლიანი უპროცენტო საკრედიტო ხაზი 30 ათასი ლარის ოდენობით. ამასთან, ქორწინებიდან პირველი 10 წლის მანძილზე ყოველ გაჩენილ ბავშვზე ჩამოეწეროთ სესხის 1/3, ხოლო მეოთხე და ყოველ მომდევნო ბავშვზე, გაეწიოთ ერთჯერადი დახმარება 10 ათასი ლარის ოდენობით;
• მაღალმთიან ზონაში მცხოვრებ ყოველ მოსწავლეზე სასწავლო წლის ბოლოს მათ ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი დახმარება საბაზო (პირველკლასელის) 1000 ლარის ოდენობით, რომელიც ყოველი მომდევნო სასწავლო წლის ბოლოს გაიზრდება 200-200 ლარით. ფაქტობრივად, სკოლის დამთავრების შემთხვევაში, თითოეულ ბავშვზე, რომელმაც მთელი სასწავლო პროცესი სოფლად გაატარა, ოჯახი მიიღებს სწავლის მთელი პერიოდის მანძილზე დაახლოებით 20 ათას ლარს, მათ შორის დამამთავრებელ წელს - 3 ათას ლარს;
• მთაში დაბრუნებულ ყოველ ოჯახს დასახლებისა და სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერად, ალპური კონვენციის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე (არანაკლებ 5 წლის მანძილზე მეურნეობის/ფერმის შექმნისა და ფუნქციონირების პირობით) გამოეყოს 28 ათასამდე ლარი;
• მთის ზონაში დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, უნდა განხორციელდეს მოზარდი თაობის აღზრდისა და სასწავლო ობიექტების (ბაგა-ბაღები, სკოლები, მათ შორის სკოლა-პანსიონის პროფილის) თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობებით (სრულფასოვანი კვება და სამედიცინო მომსახურება, ინტერნეტი, გათბობისა და ენერგიის მუდმივი, ავტონომიური წყარო, სასწავლო-აღმზრდელობითი ინვენტარი და ა.შ.) უზრუნველყოფა;
• მაღალმთიან ზონაში სოციალური ინფრასტრუქტურის მუშაკების (პედაგოგები, სამედიცინო სფეროს მუშაკები, მოსახლეობის კულტურულ-საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურებით დაკავებული პირები და ა.შ.) საქმიანობის სათანადო სტიმულირება, ღირსეული ანაზღაურება და სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები შრომის მაღალი მოტივაციის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი რთული ბუნებრივ-კლიმატური პირობებისა და მათი საქმიანობის მაღალი სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით;
• აგროტურიზმის, საკურორტო-რეკრეაციული და ზოგადად, სოციალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის ტურისტული ბილიკების, მარშრუტების გამრავალფეროვნების გზით, საცხენოსნო, წყალჯომარდობის, ექსტრემალური (მათ შორის პარაპლანური) ტურიზმის სახით - იმგვარად, რომ ერთი მხრივ, მათში მაქსიმალურად ჩაერთოს ადგილობრივი მოსახლეობა და, მეორე მხრივ, შენარჩუნებულ იქნეს ეკონომიკურად პროდუქტიული ზონები კულტურული ლანდშაფტების დაუზიანებლად, როგორც საერთო ეროვნული საკუთრება;
• საქართველოს მთიანეთის ისტორიულ-კულტურული, არქიტექტორული და ქრისტიანული ძეგლები, ადგილობრივ ხალხურ კულტურასთან, ტრადიციებთან, მუსიკალურ და სამხატვრო ხელოვნებასთან, ხალხურ რეწვასთან ერთად, ქმნიან ხელსაყრელ პირობებს შესაბამისი თემატური, მათ შორის თანამედროვე ტურისტული დარგის წამყვან ტრენდად ქცეულ რელიგიური, მომლოცველობითი (პილიგრიმული) ტურიზმის განვითარებისათვის, ამ მიმართულებით აუცილებელი იქნება საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება (ათონის მთა, ვატოპედი, სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრი, ვატოპედი და სხვ.)
• საქართველოს მთის პოტენციალის რეალურ, დიდმასშტაბიან ეკონომიკურ სარგებელში ტრანსფორმაციისათვის ამჟამად მოქმედი და პოტენციური ტურისტული მარშრუტებისა და საკურორტო ლოკაციების თანამედროვე მოთხოვნების დონეზე გამართვა და შესაბამისი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ფორმირება (ტურიზმისა და საკურორტო ობიექტების მონიტორინგისა და წინასწარი გაფრთხილების თანამედროვე სტანდარტების ჩათვლით). ეს მძლავრ იმპულსს მისცემს არამარტო რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებასაც. ამის ხელშემწყობ ფაქტორებს წარმოადგენს მტკნარი და მინერალური წყლების მრავალფეროვნება, კლიმატი, რელიეფი, ტურისტული, საკურორტო და სარეკრეაციო ობიექტთა უმრავლესობის ოთხსეზონიანი პროფილი. აღნიშნული მიმართულებით სპეციალური კომპლექსური პროგრამის რეალიზაცია უმოკლეს დროში არსებითად დააჩქარებს სოციალური, საწარმოო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, გადაწყვეტს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებთა დასაქმების, კეთილდღეობის ზრდის პრობლემებს, მკვეთრად შეამცირებს ემიგრაციაში წასვლას და გააჩენდა ემიგრანტთა უკან დაბრუნების მაღალ მოტივაციას.
• ამის გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობების ზრდის პარალელურად, აუცილებელია ისეთი პროგრამების რეალიზაცია, როგორიცაა:
• პირდაპირი ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პროგრამა;
• სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სტიმულირების პროგრამა;
• სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას შორის პროდუქციის ნაკადების პარიტეტული მიმოქცევის მხარდაჭერის პროგრამა;
• მთიან ზონაში ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და კომერციული დატვირთვის უზრუნველმყოფი თანამედროვე ტექნიკური, ტექნოლოგიური და მარკეტინგული სისტემური ცოდნის გადაცემის ორგანიზება მთის მცხოვრებთათვის;
• საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა და სხვა.
საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს საქართველოს მთიანეთში ცხოვრებისა და საქმიანობის სამართლებრივ-ორგანიზაციულ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს, შესაბამისობაშია მოსაყვანი თანამედროვე რეალობასთან, მათ შორის-„ალპური კონვენციის“ სულისკვეთებასთან, რომელთანაც შეერთებულია საქართველო და რაც გულისხმობს გარემოს დაცვას, კულტურული ტრადიციების შენარჩუნებას და შესაბამისი ტერიტორიის განვითარებას ეროვნული მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.
აღნიშნული ღონისძიებების გატარება შექმნის საფუძველს სოციალური დახმარებებისა და ე.წ. საარსებო შემწეობების პოლიტიკის კარდინალური გადასინჯვისათვის. სამწუხაქროდ, ამჟამინდელი სოციალური პოლიტიკა, განსაკუთრებით სოფლად, პირდაპირ მიმართულია სოციალურ-ეკონომიკური დეპრესიის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სიღატაკის „წახალისებისკენ“.

ქართული სოფლისა და მთიანეთის აღორძინების მაგისტრალური გზა კოოპერირებაა


ერთ-ერთი ნაბიჯი, რამაც მთის რეგიონის, ზოგადად კი მთელი აგრარული სექტორის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს, კოოპერირებაა. კოოპერატივებში, ჩაერთვებიან კონკრეტულ მაღალმთიან არეალში მუდმივად მცხოვრები ადამიანები. მათ მუდმივ მფლობელობასა და სარგებლობაში უნდა გადავიდეს საძოვრებისა და ტყის ფონდებიდან გენერირებული შემოსავლები.
აუცილებელია განხორციელდეს მაღალმთიან რეგიონებში, კოოპერირების გზით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების, მეცხოველეობის განვითარების და მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა-აპრობირების ხელშეწყობა და რძის პროდუქტების წარმოების და რეალიზაციის ერთიანი საწარმოო ციკლის შექმნის მხარდაჭერა, სადაც კოოპერატივის მეპაიეები დაინტერესებული იქნებიან არა მხოლოდ რძის, არამედ რძის პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული მნიშვნელოვნად გაზრდილი შემოსავლებით. ასეთი ფორმით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდას და მთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
მიწის სავარგულების პრივატიზაციის შედეგად მთაგორიან რეგიონებში დღეისათვის შექმნილია მემცენარეობის და მეცხოველეობის მიმართულების ფერმერული მეურნეობები, რომელთა საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთების უდიდესი ნაწილი 0,5-1,5 ჰა ფარგლებშია. მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი განლაგებულია ფერდობებზე, ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეებზე, გააჩნიათ არასწორი კონფიგურაცია და რელიეფი, ასევე ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ნიადაგის შემადგენლობა და სტრუქტურა, გაუმჯობესებისა და სწორი გამოყენების სათანადო ღონისძიებების ფონზე შესაძლებელია მივიღოთ ერთი ჰა ბუნებრივი სათიბიდან 3-5 ტონა თივა, ხოლო საძოვრიდან - 2,5-3,5 ათასი საკვები ერთეული. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკვები კულტურების მოვლა-მოყვანა 2-3-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ბალახის წარმოება. განსაკუთრებით იაფია საძოვრული საკვები, ვინაიდან საძოვრის გაძოვების დროს გამოთიშულია მოსავლის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები.
კოოპერაცია მოსახლეობას საშუალებას მისცემს:
• დაამზადონ პირუტყვის საკვები და ამით მნიშვნელოვნად შეამცირონ რძის თვითღირებულება;
• გადაამუშაონ მათ მიერ წარმოებული რძე კოოპერაციულ საწარმოში, რომელიც მათი საკუთრება იქნება;
• უზრუნველყონ ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება და ამავე დროს აწარმოონ ჯიშთა გაუმჯობესების სამუშაოები მაღალპროდუქტიული ფურების შემოყვანის ან ხელოვნური განაყოფიერების გზით.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ქვეყნის მთიანეთში ტერიტორიების მიხედვით შეიქმნას სპეციალური სამეურნეო-ეკონომიკური ერთეულები - აგრარული კლასტერები, რომელთა განკარგვაში (მუდმივ მფლობელობასა და სარგებლობაში) გადავა საძოვრებიდან და ტყის ფონდებიდან გენერირებული შემოსავლები. აღნიშნული სამეურნეო ერთეულების ფარგლებში კოოპერაციულ საწყისებზე უნდა განვითარდეს თანამედროვე ტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო წარმოება, კოოპერატივების ფარგლებში ერთიანი საწარმოო ციკლის (პირველადი პროდუქციის წარმოება, გადამუშავება, რეალიზაცია) ორგანიზებით.
ამ ტიპის ეკონომიკური ერთეულების მფლობელები გახდებიან განსაზღვრულ არეალში მუდმივად მცხოვრები ადამიანები . იჯარიდან ან სხვა სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, დემოკრატიული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ წინასწარ განსაზღვრული საერთო მიზნებისათვის უკეთესი პირობების შესაქმნელად (განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და სხვ.).
სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ლოკალური ტერიტორიული გავრცელების ოპტიმალური ფორმის განსაზღვრაში, პრიორიტეტული მნიშვნელობა სათემო კოოპერატივებს ენიჭება. მათი ჩამოყალიბება მოხდება ადმინისტრაციული ერთეულების ფარგლებში, წარმოების სპეციალიზაციისა და მწარმოებლურ ძალთა კონცენტრაციის ფაქტორების გათვალისწინებით. სათემო კოოპერატივები უზრუნველყოფენ კოოპერაციის პროცესში მოსახლეობის მასობრივი ჩართულობის პირობებს, სადაც შესაძლებელი გახდება მასშტაბის ეფექტის გამოყენება და ადგილებზე მოსახლეობის შესაძლებლობების და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაცია.
საქართველოს მთიანეთში არსებობს სოფლის მეურნეობის მაღალხარისხიანი პროდუქტების წარმოების, მათ შორის ბიოწარმოების უნიკალური შესაძლებლობები. ბუნებრივი საძოვრების რაციონალური გამოყენების საფუძველს ყველა ვერტიკალურ ზონაში წარმოადგენს პირუტყვის ნაკვეთმორიგეობითი ან მასთან მიახლოებული ძოვების სისტემის დანერგვა. ბუნებრივ საძოვრებზე ყველა სახის საკვების (მწვანე, წვნიანი, უხეში) წარმოების გადიდება, მათი ხარისხის ამაღლება და თვითღირებულების შემცირება მეცხოველეობის განვითარების ძირითადი საფუძველია, რადგან მეცხოველეობის პროდუქტების თვითღირებულების 65-75% სწორედ საკვების ხარჯებთანაა დაკავშირებული.
კოოპერატივის ფარგლებში ერთიანი საწარმოო ციკლის ორგანიზება (პირუტყვის საკვების, რძის და რძის პროდუქტების, მათ შორის ადგილწარმოშობის მიხედვით წარმოებული პროდუქციის: დამბალი ხაჭო, ტენინი ყველი, გუდის ყველი), ხორცის და ხორცის პროდუქტების, მატყლის და ტყავის წარმოება) უზრუნველყოფს სათიბ-საძოვრების რაციონალურ გამოყენებას, შეამცირებს პირუტყვის საკვების ხარჯებს და მნიშვნელოვნად გაზრდის მეპაიეთა შემოსავლებს.
საქართველოს მთიანეთში ტყის არამერქნული პროდუქტების მრავალფეროვნებისა და სწრაფად მზარდი საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, სათემო კოოპერატივების ფარგლებში ველური ხილის (ასკილი, პანტა, შინდი, ქაცვი და სხვა) შეგროვებას და მათი შრობის, შენახვის ბიოწარმოების განვითარებას და საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასებში რეალიზაციას დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც ყველაზე უკეთ კოოპერატივების გაძლიერების მხარდაჭერით არის შესაძლებელი. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღესაც საარსებო საშუალების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვების, შრობისა და დამზადების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაარსდა კოოპერატივი „შარახევი“, რომელიც აღჭურვილია უმარტივესი, დაბალი წარმადობის საწარმოო-ტექნოლოგიური დანადგარებით. აღნიშნული კოოპერატივის თანამედროვე, შესაბამისი სიმძლავრის შრობისა და დაფასოების დანადგარებით აღჭურვის მხარდაჭერის შემთხვევაში, არამარტო მაღაროსკარის, არამედ უკანაფშავის და ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების მოსახლეობას მიეცემა ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვების, გაშრობის, დაფასოების და შენახვის კარგი შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ შემოსავლებს.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ბიოწარმოების განვითარების კარგი შესაძლებლობები არსებობს. ბიოწარმოებაზე გადასვლისას რძის სარეალიზაციო ფასი, სულ მცირე, 1,5-2 ჯერ გაიზრდება, ამის შედეგად რძის წარმოებით ერთ ფურზე მოგება მოიმატებს არანაკლებ 750 ლარამდე. ხოლო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, დამბალი ხაჭოს ევროპულ ბაზარზე გასვლის შემთხვევაში, რომლის პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, მთაში ძლიერი ბიოფერმერული მეურნეობის მოწყობის მნიშვნელოვანი რესურსი იქნება.
ქვემო ქართლის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და რეგიონში წარმოებულ დამატებულ ღირებულებაში მისი წილი 19%-ია, სადაც დასაქმებულია მოსახლეობის 48%. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობა ძირითადად თვითდასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნება და თავიანთ ოჯახურ მეურნეობებში საქმიანობენ, დედაქალაქთან და მეზობელ სახელმწიფოებთან სიახლოვის გამო, საკმაოდ წარმატებით ახერხებენ საადრეო კარტოფილით, ბოსტნეულითა და მეცხოველეობის სხვადასხვა პროდუქტით ბაზრებზე ოპერირებას. რეგიონში გაძლიერდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და ფერმერული ასოციაციების ჩამოყალიბების ტენდენცია.
მეცხოველეობა წამყვანი დარგია დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებში. მემცენარეობის სექტორში კი შედარებით კარგად არის განვითარებული კარტოფილის წარმოება. კარტოფილის მწარმოებელი ფერმერებისა და კოოპერატივებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის კარტოფილის მოსავლის შენახვასთან დაკავშირებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა შეიქმნას მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კოოპერაციული სასაწყობო მეურნეობა, სადაც მათ შეეძლებათ შეინახონ მიღებული მოსავალი და გაყიდონ მაშინ, როცა ფასი მაღალია.
დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული დარგების განვითარების მიზნით, საჭიროა:
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ფორმის გამოყენებით მოხდეს პირველადი წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის ერთიანი ციკლის მხარდაჭერა;
• სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრები უვადო სარგებლობით/მფლობელობით ან გრძელვადიანი იჯარით გადაეცეს რძის მწარმოებელ კოოპერატივებს;
• სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რძის მწარმოებელი კოოპერატივების ფარგლებში, შეიქმნას რძის გადამამუშავებელი საწარმოები, რომელთა მიერ წარმოებული რძის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული მოგება დივიდენდების სახით განაწილდება კოოპერატივების მეპაიეებზე. აღნიშნული საწარმოები გადაეცემა კოოპერატივებს გრძელვადიანი გამოსყიდვის ვალდებულებით;
სახელმწიფოს და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტებში მიზანშეწონილია შეიქმნას 1000 – 1300, ხოლო დუშეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში - 500-700 ტონა კარტოფილის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოოპერაციული სასაწყობო მეურნეობები, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და მის მეპაიეებს მისცემს შესაძლებლობას, მოსავლის აღების შემდგომ მოახდინონ მათი უდანაკარგოდ დაბინავება და მოსავლის ახალი სეზონის დადგომამდე თანდათანობითი რეალიზაცია.
მთლიანობაში, აგროსპეციალიზაციის გაღრმავება ჯერადად გაზრდის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს და სოცკულტურული განვითარებისა და კეთილდღეობის დონით მთას მაქსიმალურად მიუახლოებს ურბანული ცხოვრების დონეს.
სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს კოოპერაციულ მოძრაობას, რადგანაც ამგვარი წამოწყების წარმატებისთვის არაა საკმარისი ადგილებიდან წამოსული ინიციატივა და მცდელობა. - საჭიროა, აგრეთვე, სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მრავალმხრივი (იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული, ინსტიტუციური, ორგანიზაციული და ფინანსური) მხარდაჭერა საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნაში, განსაკუთრებით კოოპერირების პროცესის საწყის, ყველაზე რთულ ეტაპზე, როგორც ეს ხდება მოწინავე საბაზრო ეკონომიკის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. საწარმოო სიმძლავრეებითა და ინფრასტრუქტურით, განსაკუთრებით პროდუქციის ხარისხის უზრუნველმყოფი ტექნოლოგიისადმი მგრძნობიარე წარმოებაში (რძისა და რძის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავება და წარმოება), აგრეთვე პირუტყვის სტაციონარული სადგომით (ფერმით) უზრუნველყოფა კოოპერატივების საქმიანობის პირველ ეტაპზე, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე.
სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი მხარდაჭერით მიღწეული ეფექტი, ჯერადად გადააჭარბებს მის მიერ ყველანაირი ხარჯების ერთობლიობას. სწორად ორგანიზების შემთხვევაში, აღნიშნული წყაროებიდან მიღებული შემოსავლები შეიძლება იმდენად მასშტაბური გახდეს, რომ დედაქალაქიდან, საქართველოს სხვა ადგილებიდან და უცხოეთიდანაც კი, ბევრი ადამიანი დაუბრუნდება მშობლიურ კუთხეს. ამით, ქვეყნის შიდა ტერიტორიული მოწყობის ცვლილებების გარეშე, გადაიჭრება მაღალი მთის საზღვრისპირა სექტორებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხები.
ამ მიზნის რეალიზაციასა და არსებულ პრობლემათა გადაჭრას უდავოდ წაადგება სახელმწიფო საკრედიტო პროგრამის შემუშავება მთიანეთისათვის, რომელიც პრაქტიკულად ხელახლა ასათვისებელია (მოსახლეობის დასაქმება-დამკვიდრება, თავდაცვითი ზოლის ფუნქციის აღდგენა, აგროსასურსათო ბალანსის ფორმირებაში საკუთარი ადგილის მიჩენა და სხვა). ყოველივე ამას დიდი სტრატეგიული დატვირთვაც აქვს. ამისათვის მთავრობამ სპეციალური პროგრამა უნდა შექმნას ევროგაერთიანების თანამონაწილეობით და ალპური კონვეციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, რომელთანაც საქართველოა შეერთებული.
მნიშვნელოვანი როლის შესრულება საქართველოს მთიანეთის სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციის აღორძინებისა და დემოგრაფიული პროცესების რადიკალურად გაუმჯობესების საქმეში შეუძლიათ სახელმწიფოს დახმარებით ისეთი პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, როგორიცაა: ადგილზე სარეალიზაციო და საცალო საექსპორტო ფასებს შორის განსხვავებების დასაფარავი სუბსიდირების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სტიმულირებისა და სხვა პროგრამები.
აღნიშნულმა ღონისძიებებმა უნდა უზრუნველყონ სოფლად, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონაში, ადამიანების დამაგრება, მიგრანტების მოზიდვა- დაბრუნება, მიზიდვა ბარიდან, ცხოვრების ურბანულთან მიახლოებული კომფორტითა და სტანდარტებით. ფაქტობრივად, აღნიშნული ღონისძიებების სისტემა მიზნად ისახავს საქართველოს მთიანეთის ხელახალ კოლონიზაციას, „რეკონკისტას“, მოსახლეობით დახუნძვლას, ეკონომიკის დინამიკურ განვითარებას.
მთიანეთის ეკონომიკური განვითარება წარმოუდგენელია მეცხოველეობის დაჩქარებული განვითარების გარეშე, რომელიც რჩება სოფლის მეურნეობის ფაქტობრივად ყველაზე სუსტ რგოლად. ილია ჭავჭავაძე თვლიდა, რომ საქართველოს მთაში მეცხოველეობის განვითარება - ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო არტერიის - მთიანეთის აღორძინების, მოსახლეობის შენარჩუნება-გამრავლებისა და თავდაცვის უპირველესი პირობაა (კოღუაშვილი, 2023,57).
ამ ასპექტით, ხორცის წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია არამარტო მესაქონლეობის განვითარებას, არამედ მეცხვარეობასაც, რომელზეც ამჟამად მოდის საქართველოში წარმოებული ხორცის მხოლოდ 6%, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე მისი წარმოების შესაბამისი მაჩვენებელი ანალოგიურ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს დაახლოებით ¼-ით ჩამორჩება. მაგრამ მეცხვარეობის განვითარება არ არის მხოლოდ ხორცის წარმოების ზრდის ფაქტორი. - ის ასევე უკავშირდება შესაბამისი პროფილის ყველისა და მატყლის წარმოებას. ეს უკანასკნელი კი შეუცვლელი ნედლეულია შალის წარმოებისა და შესაბამისი მრეწველობის განვითარებისათვის.
მეცხვარეობის განვითარებას საგრძნობლად აფერხებს ზამთრის საძოვრების უქონლობა და სათიბ-საძოვრული მეურნეობის მოუგვარებლობა. დღეისათვის ქვეყანას არ გააჩნია სათიბ-საძოვრების გამოყენების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზა, არ მომხდარა ამ საძოვრების განაწილება და სარაიონთაშორისო გადანაწილება, რაც სერიოზული დამაბრკოლებელი მიზეზია მეცხვარეობის განვითარებისათვის. მეცხვარეები ზამთარში, ფაქტობრივად, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობის გამო, უარს ამბობენ მოუარონ ცხვარს. საბჭოთა პერიოდშიც კი ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ იდგა და კამპანიურ ხასიათს ატარებდა.

სოფელი (თემი) - საქართველოს მთიანეთის განვითარების ინსტიტუციური საფუძველი


სოფლის პროდუქციის წარმოების, აგრარული სექტორის სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული პრობლემების წარმატებით გადაჭრის პირობებს სოფლის, სასოფლო თემის სტატუსი, მისი და ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებები, ურთიერთმოვალეობები და პასუხისმგებლობა განსაზღვრავს. ამიტომ ნებისმიერი წამოწყება, მცდელობა, პროგრამა სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის ამაღლების, კოოპერირების განვითარებასა და სახელმწიფოებრივ მხარდაჭერაზე საჭიროებს ინსტიტუციურ ჩარჩოებს.
ქართული ტრადიციული სამართალი, უწინარესად, მიწის საკითხს აგვარებდა. მიწაზე კერძო და საზოგადოებრივი, ე.ი. სათემო საკუთრება მიწათმფლობელობის ქართული წესის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენდა. მისი მნიშვნელობა და ფასეულობა განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში ვლინდებოდა, სადაც მთიელი, მთის მცხოვრები ქვეყანას საკუთარი მამულივით იცავდა, საკუთარ მამულს კი - როგორც საკუთარ სამშობლოს.
თავის დროზე, XIX საუკუნის ბოლოს ილია ჭავჭავაძე ქართველ საზოგადოებაში, სხვადასხვა სოციალური ფენის (კლასის) ინტერესთა აცდენაზე, „ხიდჩატეხილობის“ პრობლემაზე ამახვილებდა ყურადღებას.
ამჟამად, XXI საუკუნეში, ჩვენ ვხედავთ „ხიდჩატეხილობის“ თანამდროვე ფორმას - სერიოზულ აცდენას პირად და საზოგადოებრივ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს, „ჩემსა“ და „ჩვენს“ შორის. ეს კი დიდწილად ინსტიტუციური ხარვეზის - მიწაზე საკუთრებით ურთიერთობათა სისტემიდან სოფლის (თემის) ამოგდების „დამსახურებაა“.
აღნიშნული მდგომარეობის გამოსასწორებლად, სასოფლო თემმა, აუცილებლად უნდა დაიბრუნოს უპირობო უფლება საკუთარ სამკვიდროზე;
სასოფლო თემის ეკონომიკური გამოცოცხლების, დეპრესიული მდგომარეობიდან გამოყვანის, ხოლო შემდგომ მისი ეკონომიკური განვითარებისა და აქტივობის გასაძლიერებლად, საუკეთესო (შესაძლოა, ამჟამად ერთადერთიც) გზაა სასოფლო-სამურნეო კოოპერაციის ყოველმხრივი წახალისება, მხარდაჭერა და სწრაფი განვითარება; სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ლოკალური ტერიტორიული გავრცელების ოპტიმალური ფორმის განსაზღვრაში, პრიორიტეტული მნიშვნელობა სათემო კოოპერატივებს ენიჭება. მათი ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიული გავრცელების ფარგლებში, პრინციპით: „ერთი თემი – ერთი კოოპერატივი“, წარმოების სპეციალიზაციისა და მწარმოებლურ ძალთა კონცენტრაციის ფაქტორებისა და სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთაგან უპირველესი სასოფლო თემის, როგორც სრულფასოვანი სამართალსუბიექტის, აღდგენაა. ჯერ 2005 წელს მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობა გაუქმდა, ხოლო 2013 წლის „თვითმმართველობის კოდექსით“, სოფელს უკვე საკუთარი ადმინისტრაციული ორგანოც კი აღარ ჰყავს; მდგომარეობა კურიოზული და უპრეცენდენტოა - სოფელი ფორმალურად შენარჩუნებულია, როგორც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, მაგრამ თავისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და კიდევ უარესი - საერთოდაც საკუთრივ სოფლის ადმინისტრაციული ორგანოს გარეშე! ეს კურიოზული მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს.
უწინარეს ყოვლისა, სოფელში უნდა აღდგეს სოფლის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მუნიციპალურ თვითმმართველობაში სასოფლო თემის მონაწილეობისა და ჩართულობის ეფექტიანი ინსტრუმენტი იქნება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გამსხვილებით, მისი მუნიციპალურ (ყოფილი რაიონის) დონეზე „ატანით“ არა თუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელი იყო სოფლის, როგორც მუნიციპალურ თვითმმართველობაში მოქალაქეთა და თემის მონაწილეობითი პირველადი ადმინისტრაციული დონის, შენარჩუნება და ამ პირველადი ადმინისტრაციული, დონის არათუ ფაქტობრივი გაუქმება, არამედ პირიქით - მისი გაძლიერება.
სამართალსუბიექტის - სასოფლო თემის მიერ საკუთარ სამკვიდროზე უპირობო და წარუვალი უფლების დაბრუნება ნიშნავს, რომ საერთო, სათემო სარგებლობის მიწა - საძოვარი, სათიბი, სათემო ტყე, წყლის ფონდის მიწა, ტყის ფონდის მიწა (და არამარტო!) იურიდიულად უნდა დაბრუნდეს თემის მუდმივ და უსასყიდლო მფლობელობასა და სარგებლობაში (დღეს ამ თვალსაზრისით მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სოფლის ტერიტორიული საზღვრებიც კი სრულიად ბუნდოვანი და გაურკვეველია); ეს მიწა არა სახელმწიფო, არამედ მუნიციპალური საკუთრებისა უნდა იყოს და თემის, რომელიც მისი ერთადერთი ლეგიტიმური მფლობელი და მოსარგებლეა, დაუკითხავად შეუძლებელი უნდა გახდეს ამ მიწის, ე.ი. სოფლის სამკვიდროს, სამართლიანი და ეფექტიანი მართვა - მისი განკარგვა, რაციონალური გამოყენება, სასოფლო-სამურნეო წარმოების თუ მიწის, როგორც ძირითადი საწარმოო საშუალების გამოყენებით სოფლის ტერიტორიაზე სხვა ეკონომიკური საქმიანობის სწორად ორგანიზება, საბოლოო ანგარიშით - სასოფლო სამკვიდროს დაცვა და სოფლის გადარჩენის შემდეგ მის განვითარებაზე ზრუნვა.
მუნიციპალური თვითმმართველობის ეფექტიანობა არსებითად, სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული მოქალაქეთა და ადგილობრივი თემის უშუალო, პირდაპირ მონაწილეობაზე; ასეთი, თანამედროვეობის შესაბამისი მონაწილეობითი ინსტრუმენტები მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ადგილობრივ სასოფლო თემში აუცილებლად უნდა შეიქმნას და სწრაფად განვითარდეს.
ამ თვალსაზრისით არსებითია, რომ თავად თემს (სოფელს), პირდაპირი, უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმით მიეცეს შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შემავალი ადგილობრივი მნიშვნელობის სასოფლო საკითხები თავადვე გადაწყვიტოს და ამ მიზნით ძირითად ინსტრუმენტად გამოიყენოს მის წინაშე ანგარიშვალდებული სასოფლო ადმინისტრაცია; სასოფლო თემი, როგორც სრულფასოვანი სუბიექტი, რომელიც უფლებებს დაიბრუნებს და ამ გზით თავადვე გახდება უმთავრესი პასუხისმგებელი საკუთარ განვითარებაზეც. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მუნიციპალური თვითმმართველობა და სახელმწიფო სოფლის განვითარებაზე პასუხისმგებლობას მოიხსნის, პირიქით - მათი ვალდებულებაა სუბსიდიარობის დაცვით სოფლის განვითარების სწორaდ დაგეგმვა და, რაც ყველაზე მთავარია, ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა თავად თემის ეკონომიკური თუ სოციალური აქტივობისათვის.
აღნიშნულის პარალელურად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს გარემოს დაცვის სამინისტრო და შეიქმნას სოფლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისე, რომ ის აღიჭურვოს ყველა ბერკეტით ქვეყნის სასურსათო უშიშროებისა და სოფლად მცხოვრები ყველა მოქალაქის შემოსავლების ზრდის უზრუნველსაყოფად. სამინისტრომ საქმიანობა უნდა წარმართოს დარგობრივი პრინციპით, სამი ძირითადი დარგის მიხედვით: მრავალწლიანი კულტურები და მათი პროდუქტების გადამუშავება, ერთწლიანი კულტურები (მემინდვრეობა, სათიბ-საძოვრები და სხვ.), ხორცისა და რძის წარმოება (მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეთევზეობა). სოფლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესასრულებლად უნდა დაუდგინდეს ის მაჩვენებლები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს სურსათის წარმოებისა და მოსახლეობის (ფერმერების) შემოსავლების ზრდას რეგიონების, მუნიციპალიტეტების, თემების და დარგობრივი ჭრილით. მაგალითად, სასურსათო ხორბლის წარმოების ზრდის უზრუნველყოფა წელიწადში 300 ათასი ტონის ოდენობით 3-5 წლის პერიოდში სამცხე-ჯავახეთის, ქართლის და კახეთის რეგიონებში.
შესაბამისად, სოფლის, როგორც ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაცია ჩვენ მიერ ზემოთ მოხსენიებული ღონისძიებებისა და ინსტიტუციური რეფორმების საფუძველზე აგრარული სფეროს, მათ შორის საქართველოს მთიანეთის განვითარებისათვის მძლავრი იმპულსის მიმცემი იქნება. იმავდროულად გაძლიერდება მთაში მცხოვრებთა, იქ დასაქმებულთა ეკონომიკური და სოციალური ფუნქცია და პრესტიჟი, რაც დაასრულებს ათწლეულების განმავლობაში სოფლად მიმდინარე ნეგატიურ ეკონომიკურ და დემოგრაფიულ პროცესებს.

დასკვნა


საქართველოს ბედი დიდწილად დამოკიდებულია მისი სოფლის ბედზე, სოფლის ბედი კი - მთავრობის უნარზე, კვალიფიკაციაზე, კეთილ ნებაზე, მიზანსწრაფულობასა და პატიოსნებაზე. ამ პირობათა არსებობისა და თანხვედრის პოტენციალი საქართველოს ნამდვილად აქვს. მაღალტექნოლოგიური, მაღალმწარმოებლური სოფლის მეურნეობის შექმნა აღიარებულ უნდა იქნეს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის უპირველეს ამოცანად და საერთო ეროვნული ზრუნვის საგნად.
მხოლოდ ასე გადარჩება ქართული სოფელი, რომლის გარეშე საქართველოს განვითარების პერსპექტივა წარმოუდგენელია.
სოფელი  – პირველყოვლისა, არის სახლობის ტერიტორიული ერთეული და არა მეურნეობისა. სოფლის განვითარების ძირითადი მიზანია სოფლის მოსახლეობის ყოფითი (სოციალურ-კულტურული) სტატუსის მიახლოებით გათანაბრება ქალაქის მოსახლეობის სტატუსთან, რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნება-განვითარებისთვის და ამგვარად, სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო წარმოების ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს;
მიწა – ბუნებრივი რესურსი, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის, ქალაქების, რკინიგზების მშენებლობისათვის. წარმოების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი შრომასა და კაპიტალთან ერთად. ამასთან, მიწა სახელმწიფო ტერიტორიაა, ერის სასიცოცხლო სივრცე და მისი იდენტობის განმსაზღვრელი.
სათემო კოოპერაცია - თემის ფარგლებში ორგანიზებული კოოპერაციული პროცესი;
სასოფლო თემი - სოფლის ადგილობრივი საზოგადოება, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ერთობა, რომელსაც გააჩნია სახლობის საერთო სამკვიდრო ტერიტორია, ერთიანი სათემო იდენტობა, საზიარო სათემო საკუთრება და ხელისუფლების (ადგილობრივი თვითმმართველობის) საერთო ორგანოები;
ქმედითი, ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისთვის გასაცნობიერებელია, რომ არსებულ ეტაპზე სოფლის მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგენს განსაკუთრებული აქტუალორობის პრობლემას, მთავარ გამოწვევას და სახელმწიფო პოლიტიკა უპირატესად უნდა ეყრდნობოდეს სწორედ ამ მოცემულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო აქტივობის ქმედითუნარიანობა ყოველთვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ამიტომ, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა უნდა გახდეს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მოფრთხილება, მხარდაჭერა და მათი შრომის სტიმულირება (აგრარული შრომის ავტორიტეტის ამაღლება) საზოგადოების გამოსაკვებად.
საქართველოს სოფლის აღორძინება უნდა მოხდეს ჩვენივე ძალებით, ჩვენი მატერიალური და დემოგრაფიული რესურსების ხარჯზე. გადამთიელებზე იმედის დამყარება, მათი მოპატიჟება „გადასარჩენად“, შეურაცხმყოფელი და ამასთანავე, ფაქტობრივად, ფუჭი მცდელობა იქნებოდა. სწორი აგრარული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, გლეხკაცს - ქართული მიწის მთავარ მეურვეს (ადგილის კაცი, მკვიდრი მიწათმოქმედი – ილია ჭავჭავაძე), (კოღუაშვილი, 2023,79), შეუძლია არამარტო ქვეყნის გამოკვება საკუთარი წარმოების პროდუქციით, არამედ სახელმწიფოს ძლიერების საძირკვლის ჩაყრაც.
ამავე დროს, მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული ის შესაძლებლობა, რასაც იძლევა ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონების ეკონომიკური და სოციალური დეპრესიულობის დასაძლევად და განვითარების დინამიზმის უზრუნველსაყოფად ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება. შესაბამისი ცვლილებების შეტანა ხსენებულ ხელშეკრულებაში შესაძლებლობას მისცემდა საქართველოს მთიანეთს, უფრო სწრაფად და კომპლექსურად განეხორციელებინა ჩვენ მიერ ზემოხსენებული ღონისძიებების რეალიზაცია.
საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ გარდაიქმნას ინდუსტრიულ ქვეყნად მაღალგანვითარებული სოფლის მეურნეობით, აგრარული სექტორის, მთლიანად სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი კრიზისული მდგომარეობიდან, ეკონომიკის სუსტი რგოლიდან, გადაიქცეს დინამიკურად განვითარებად სფეროდ და საკუთარი დემოგრაფიულად მზარდი შრომითი რესურსებით უზრუნველყოფილ ქვეყნად. და ამ ამოცანის გადაწყვეტაში საქართველოს მთიანეთს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობის ფიზიკური განფენილობა მიიღებდა (დაუბრუნდებოდა) ქართველი ერის განფენილობის ეკონომიკურად და გეოგრაფიულად ოპტიმალურ და სახელმწიფოებრივი სტრატეგიული ინტერესებისათვის შესაბამის მდგომარეობას.
მთის პოტენციალის ინტენსიური ათვისება უნდა მიმდინარეობდეს მდგრადი განვითარების, ეკოლოგიური წონასწორობისა და უსაფრთხო გამოყენების ფორმატით - როგორც ბუნების, კულტურული ლანდშაფტებისა და რეკრეაციული ზონების შენარჩუნება-განვითარების ფარგლებში, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასთან, ტურისტებსა და დამსვენებლებთან მიმართებით. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ერთი მხრივ, წყლის შემკრებ აუზებში ჰიდროტექნიკური საშუალებების მშენებლობას, მათში წყლის დონის რეგულირებისა და სხვადასხვა სტიქიური მოვლენისაგან მოსახლეობის მაქსიმალური დაცვას, მეორე მხრივ კი უსაფრთხოების თანამედროვე კომპლექსური სისტემებით (ინფრასტრუქტურით) უზრუნველყოფას.
საქართველოს ბიოგეოკლიმატური პირობებისა და მისი ვერტიკალური ზონალობის გათვალისწინებით, იგი სულ უფრო თვალსაჩინო ადგილს იკავებს მსოფლიო ტურისტულ და საკურორტო რუკაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასწრაფოდ მისაღებია საქართველოს მთიანეთში ტურიზმისა და სამთო კურორტების კომპლექსური განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რაშიც უნდა აისახოს ის გამოცდილება, რაც ამ მხრივ საკმაოდ წინწასულმა ქვეყნებმა დააგროვეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის, კომუნიკაციების, დამსვენებელთა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ (კურშევილი, შამონი - საფრანგეთი, დავოსი, კრან-მონტანა - შვეიცარია, ზიოლდენი, ინსბრუკი - ავსტრია და ა.შ.).
ზემოხსენებული ღონისძიებების რეალიზაცია საჭიროებს სინერგიის ფაქტორის მაქსიმალურ გამოყენებას, რაც სახელმწიფოს ძალისხმევასთან ერთად, ორგანულად ითხოვს მეურნეობათა კოოპერირებას - კოოპერაციის გარეშე საქართველოს მთიანეთში მცირემიწიანი მეურნეობების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ დონეზე, რაც ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მათ სამეწარმეო განვითარებას. ამიტომ, სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად, საქართველოში სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა იკისროს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის მაკოორდინირებელი, მაორგანიზებელი და ხელშემწყობი ფუნქცია. სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ეს ძალა, როგორც ძლიერი და სანდო პარტნიორი და ცალსახად უნდა განსაზღვროს, რომ არსებულ სიტუაციაში, მცირემიწიანი მოსახლეობისთვის, რომლებიც დღეს მთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს, მხოლოდ კოოპერაციული სისტემის ხელშეწყობით არის შესაძლებელი ერთიანი მასშტაბური საწარმოო ციკლის ფარგლებში დამატებული ღირებულების გენერირება და სიღარიბის დაძლევისა და მიგრაციის შეჩერების რთული პროცესის განხორციელება.
მაგრამ, აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება ასევე ორგანულად ითხოვს სოფლის სტატუსის განსაზღვრას, მის ინსტიტუციონალიზაციას, რაც გულისხმობს სოფლის ტერიტორიულ ფარგლებში არსებული სახელმწიფო საკუთრების მიწის, ტყის, საძოვრის, წყლის, მინერალური რესურსების მუდმივ მფლობელობასა და სარგებლობაში თემებისათვის გადაცემას.
მიწაზე სათემო მფლობელობის აღდგენა – ნორმატიული, ინსტიტუციური და ტექნიკური საფუძვლების მომზადება, სოფლად ადგილობრივი თემის ჩამოყალიბება, რომელსაც მუდმივ მფლობელობასა და უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცემა სოფლის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ამჟამად სახელმწიფო საკუთრების გამოუყენებელი მიწა (სათიბ-საძოვარი, ტყე და სხვ.).
აღნიშნული მოდელის ოპტიმალური ორგანიზების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ყოველი სოფლის (თემის) წარმოებული პროდუქცია ჩამოყალიბდეს ბრენდად, ხოლო ამის საფუძველზე მიღებული შემოსავლები შეიძლება იმდენად დიდი აღმოჩნდეს, რომ დედაქალაქიდან, საქართველოს სხვა ადგილებიდან და უცხოეთიდანაც კი ბევრი ადამიანი დაუბრუნდეს მშობლიურ კუთხეს. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ფინანსური დანახარჯებისა და ქვეყნის შიდა ტერიტორიული მოწყობის ცვლილებების გარეშე გადაიჭრება მაღალი მთის საზღვრისპირა სექტორებთან დაკავშირებული ურთულესი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოგრაფიული საკითხები.
აქ მაცხოვრები ადამიანები ერთდროულად შეასრულებენ ქვეყნის დარაჯის, მესაზღვრისა და მეურნის, ანუ პასუხისმგებელი და სრულუფლებიანი პატრონის ფუნქციებს.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია ტერიტორიების მიხედვით შეიქმნას სპეციალური სამეურნეო-ეკონომიკური ერთეულები, რომელთა განკარგვაში (მუდმივ მფლობელობასა და სარგებლობაში) გადავა საძოვრებიდან და ტყის ფონდებიდან გენერირებული შემოსავლები. ამ ტიპის ეკონომიკური ერთეულების მფლობელები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები (მოხევეები, მთიულები, ხევსურები, ფშავები და თუშები), რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ განსაზღვრულ არეალში. იჯარიდან ან სხვა სახის სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები სახალხო-დემოკრატიული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეიძლება დაიხარჯოს მხოლოდ საერთო მიზნებისათვის და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ასეთი მიზნები შეიძლება იყოს განათლება, ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და სხვ., რაც წინასწარ იქნება განსაზღვრული საქართველოს მთავრობის მიერ.
ქართველ ერს, აგრომეურნეებს აქვთ დაგროვილი საკმარისი ისტორიული გამოცდილება, კვალიფიკაცია და პოზიტიური კუმულატიური მუხტი, რათა აგრარულ წარმოებას, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში, მისცენ განვითარების, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების, განზრახულობათა და შესაძლებლობათა დაბალანსებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების დამატებითი იმპულსი.
იმედია, საქართველოს ხელისუფლებას აღმოაჩნდება სწორი სისტემური ხედვა, პოლიტიკური ნება და პროფესიონალიზმი ქვეყნის მთავარი სასიცოცხლო არტერიის - მთიანეთის აღორძინებისა და განვითარებისათვის.

ბოლოთქმა


საქართველოს მთავარი სასიცოცხლო არტერიის - მთიანეთის განვითარების შემოთავაზებული ღონისძიებების განხორციელება საკმაოდ ამბიციური და რთული ამოცანაა, ვინაიდან თანამედროვე ცოდნასთან ერთად, დიდძალ ფინანსურ და ტექნოლოგიურ რესურსს საჭიროებს. კარგად გვესმის, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა გამოწვევების ფონზე ამ ამოცანის სრულმასშტაბიანი რეალიზაცია საქართველოს საკუთარი ძალებით გაუჭირდება. თუმცა მისი შესრულება გარკვეული პირობების დაკმაყოფილებას უკავშირდება. ესაა ხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ნება და იმის გაცნობიერება, რომ საქართველოს მთიანეთის „რეკონკისტა“ უზენაეს ეროვნულ პრიორიტეტს წარმოადგენს და სახელმწიფოებრივ ინტერესთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, როგორიცაა ქვეყნის ინტეგრალური რესურსების რაციონალური და ეფექტიანი გამოყენება, ძლიერი სატრანზიტო ფუნქცია, დაბალანსებული დემოგრაფიული მდგომარეობა, ერთაშორისი ჰარმონიული ურთიერთობები.
ხელისუფლებაში ხსენებული მკაფიო ნების ფორმირების მთავარი საფრთხე ზემოხსენებული ღონისძიებების „სიძვირეა.“ - ბუნებრივია, ისმის კითხვა: საიდან მოვიზიდოთ ეს რესურსი? ამ კითხვაზე მყისიერი და ცალსახა პასუხია - დასავლეთი, პირველ რიგში - ევროკავშირი!
უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც საქართველო და ევროკავშირი წარმატებით თანამშრომლობენ. 2016 წლის ივლისში ძალაში შესული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დედააზრი პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციაა. აღნიშნულის საფუძველზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებით. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოსთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.
ეს წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების მიერ დასმულ აქცენტებსა და პრიორიტეტული ამოცანების რეალიზაციაზეა ორიენტირებული. ამასთან, არცერთი პროგრამა თუ პროექტი, რომელიც განხორციელებულა ან განხორციელების სტადიაშია, მიზანმიმართულად არ არის ორიენტირებული უშუალოდ საქართველოს მთიანეთის აღორძინებაზე. უამრავ ინსტრუმენტს შორის, რასაც ევროკავშირი იყენებს საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, ირიბი შეხება ჩვენ მიერ დასმულ საკითხთან გააჩნია ერთადერთ პროგრამას - „ენპარდს“ (ENPARD), რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე 234.5 მლნ ევროა დახარჯული (https://eu4georgia.eu/enpard/), თუმცა, ის საქართველოს მთიანი მხარის სოფლების აღორძინებაზე, ფაქტობრივად, ფოკუსირებული არ არის.
დღემდე ევროკავშირის წინაშე საქართველოს მთავრობას არ დაუსვამს მთიანეთის აღორძინების მიმართულებით დახმარების პროგრამების ადაპტირების ამოცანა. ეს გლობალური პრობლემაა და „ენპარდ“-ის გარდა ეხება ზოგადად ასოცირების დღის წესრიგსაც. ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარის პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ხსენებული პრობლემა ადვილად გადასაწყვეტი იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს გარემოება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის ფონზე, რომელმაც საქართველოს დიდად უფრო მეტ რესურსზე წვდომა უნდა განაპირობოს. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული მოზიდული რესურსების მასშტაბები. შესაბამისად, ვთვლით, რომ საქართველოს მთიანეთის აღორძინებისათვის კონკრეტული დახმარებების მიმართულებებს სათანადო ადგილი უნდა დაეთმოს საქართველო-ევროკავშირის მომავალ მოლაპარაკებებში.
აქვე არ უნდა დავივიწყოთ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ევროპის მთიანი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაც. საფრანგეთს, იტალიას, შვეიცარიას, ავსტრიას და სხვ. ამ მხრივ მდიდარი გამოცდილება აქვთ დაგროვილი. აქაც ორმხრივი დიპლომატია ან ევროკავშირის ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა „ტვინინგი“ (TWINNING), უნდა იქნეს გააქტიურებული.
ევროკავშირის გარდა, შესაბამისი დახმარების პროგრამები გააჩნია აშშ-ის მთავრობასაც. საქართველოსათვის დახმარების ძირითად მიმართულებებს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია განსაზღვრავს, ხოლო უშუალო დახმარების პროგრამებს გეგმავს და ახორციელებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), თავდაცვის სამინისტრო და ზოგიერთი სხვა უწყება. ასე, მაგალითად, USAID-ის ეგიდით ხორციელდება ისეთი პროგრამები, როგორიცაა „სოფლის მეურნეობის პროგრამა,“ „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა,“ „ეროვნული პარკებისა და ეკოტურიზმის პროგრამა“ და სხვ. აქაც, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან საქართველოს საჭიროებების განსაზღვრისას მთიანი რეგიონების განვითარების აუცილებლობას გაესვას ხაზი და მოხდეს ხსენებული და სხვა პროგრამების მეტად მორგება საქართველოს მთიანეთის აღორძინების ამოცანაზე. განსაკუთრებით ფასეული იქნებოდა აშშ-ის დახმარება ქართული მთის სოფლის, როგორც „დარაჯის“ ფუნქციის გაძლიერებაში, რომელიც ააღორძინებს და გააძლიერებს ისტორიულად საქართველოს მთის დასახლებების სათემო-სამხედრო დემოკრატიაზე დაფუძნებულ ტერიტორიულ და თავდაცვით ფუნქციას.
და ბოლოს, საქართველოს მთიანეთის ისტორიული და ბუნებრივი ფუნქციის აღდგენა-განვითარება, მიმდინარე გლობალური დღის წესრიგის თავისებურებათა გათვალისწინებით, სცდება მხოლოდ ერთი, ცალკე აღებული ქვეყნის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ინტერესებს და უნდა განზოგადდეს საერთაშორისო მასშტაბით.

ლიტერატურა:


• კოღუაშვილი პ. (2013). ი. ჭავჭავაძე მეურნის თვალით. - თბილისი, „მერიდიანი“.
• კოღუაშვილი პ. (2012). არ დაივიწყოთ გლეხკაცი. – „სოციალური ეკონომიკა“, – XXI საუკუნის საქართველო, N6.
• ასათიანი რ., კოღუაშვილი პ.(2023). საქართველოს სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და პერსპექტივები. - თბილისი, „პოლიგრაფი“.
• კოღუაშვილი პ., არჩვაძე ი. (2020). იოსებ. საქართველოს სოფლის მეურნეობა თანამედროვე გამოწვევების წინაშე. – „ეკონომიკა და ბიზნესი“, N3.
• არჩვაძე ი. (2017). აგრარული სექტორის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საქართველოს ეკონომიკაში. – „ეკონომიკური პროფილი“, N17.
• ჭითანავა ნ. (2015). საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები. - თბილისი, ივერიონი.
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები. – geostat.ge.
• კოღუაშვილი პ., თალაკვაძე გ. (2022). დავუბრუნოთ საქართველოს მთიანეთს მისი ბუნებრივი ფუნქცია, „საქართველოს საწარმოო ძალები და ბუნებრივი რესურსები“, 1(2), გვ.27-36,
• კოღუაშვილი პ., გალეგაშვილი დ. (2021). დავუბრუნოთ მთას მისი ბუნებრივი ფუნქცია“, ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ № 4 (107).
• ENPARD. Agriculture and Rural Development are Important Priority Areas for EU in Georgia. These are Supported through ENPARD, https://eu4georgia.eu/enpard/

References:


• Koghuashvili P. (2013). I. chavchavadze meurnis tvalit. [I. Chavchavadze through the Eyes of a Farmer. - Tbilisi, "Meridian".] in Georgian
• Koghuashvili P. (2012). ar daivitsqot glekhkatsi.[ Don't Forget the Peasant. - "Social Economy", - XXI Century Georgia, N6.] in Georgian
• Asatiani R., Koghuashvili P. (2023). sakartvelos soplis meurneoba - gamotsvevebi da perspektivebi. [Agriculture of Georgia - Challenges and Perspectives. - Tbilisi, "Polygraph".] in Georgian
• Koghuashvili P., Archvadze J. (2020). sakartvelos soplis meurneoba tanamedrove gamotsvevebis tsinashe. [Georgia's Agriculture Facing Modern Challenges. "Economics and Business", N3.] in Georgian
• Archvadze J. (2017). agraruli sektoris roli da mnishvneloba tanamedrove sakartvelos ekonomikashi. [The Role and Importance of the Agricultural Sector in the Economy of Modern Georgia. - "Economic Profile", N17.] in Georgian
• Chitanava N. (2015). sakartvelos soplis meurneoba: transpormatsia, problemebi, perspektivebi. [Agriculture of Georgia: Transformation, Problems, Perspectives. - Tbilisi, „Iverioni“. in Georgian
• Materials of the National Statistical Service of Georgia. geostat.ge.
• Koghuashvili P., Talakvadze G. (2022). davubrunot sakartvelos mtianets misi bunebrivi punktsia. [Let's Return the Mountains of Georgia to its Natural Function, "Productive Forces and Natural Resources of Georgia, 1(2), pp. 27-36.] in Georgian
• Koghuashvili P., Galegashvili D. (2021). davubrunot mtas misi bunebrivi punktsia“ [Let's Return the Mountain to its Natural Function", "New Agrarian Georgia" No. 4 (107).] in Georgian
• ENPARD. Agriculture and Rural Development are Important Priority Areas for EU in Georgia. These are Supported through ENPARD, https://eu4georgia.eu/enpard/

Кyewords: Community; mountainous country; village; community agriculture; community demography; community cooperation; optimal development.
JEL Codes: O13, P32, Q19